ექსპორტზე ორიენტირებული საქართველოს საფუტკრე სადედე-სანაშენე მეურნეობათა (საფუტკრეების) გაერთიანება

F. Benton International Beekeeping Association
ცხოველთა რეგისტრაციის ეროვნული სისტემა

WOAH და FAO რეკომენდაციების გათვალისწინებით, ხალასი ჯიშის სანაშენე ქართული დედაფუტკრის (Apis Mellifera Caucasica) მეცნიერული სელექციისთვის და პერსპექტიული საექსპორტო წარმოებისთვის, შეიქმნა ექსპორტზე ორიენტირებული საქართველოს საფუტკრე სადედე-სანაშენე მეურნეობათა (საფუტკრეების) გაერთიანება, რომელშიც გაწევრიანებულია 12 საფუტკრე მეურნეობა 2 360 სკით. გაერთიანება პირველი დარეგისტრირდა ცხოველთა რეგისტრაციის ეროვნულ სისტემაში - NAITS.

მსოფლიოში არსებობს მზარდი მოთხოვნა ფუტკარზე (დედოფლებზე). სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მაღალეფექტური პოლინაცია უმნიშვნელოვანესი ფაქტორია აგროსფეროში, რომელიც განაპირობებს მაღალ მოსავლიანობას და ხარისხს. ქართული ფუტკარი წარმოადგენს ალტერნატივას აგრო მარკეტში არსებულ ფუტკრის ჯიშებში და მისი ექსპორტით უმეტესად დაინტერესდებიან მარცვლეული კულტურების წარმოებაში ჩართული კომპანიები და კერძო მეფუტკრეები, რომლებიც ისტორიულად XX ს. დასაწყისიდან დაინტერესებულნი იყვნენ ქართული ფუტკრით, მისთვის დამახასიათებელი გამორჩეული სასარგებლო ნიშან-თვისებების პრაქტიკული სარგებლით.

WOAH და FAO მოთხოვნების გათვალისწინებით ხალასი ჯიშის სანაშენე ქართული დედაფუტკრის (Apis Mellifera Caucasica) მეცნიერული სელექციისთვის და შემდგომი საექსპორტო წარმოებისთვის, მიზანშეწონილია შეიქმნას სადედე-სანაშენე მეურნეობების (საფუტკრეების) გაერთიანება. ქართული ფუტკრის ექსპორტის მოსამზადებელი ეტაპები ქართული ფუტკრის ექსპორტზე დაშვების მიზნით საქართველოს და ევროკავშირის/აშშ სახელმწიფო სტრუქტურების და ფ. ბენტონის მეფუტკრეობის საერთაშორისო ასოციაციის შორის მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა, რომლის მიზანია:

1. საქართველოში საკანონმდებლო ბაზის მომზადება და ჰარმონიზაცია ევროპულ/აშშ კანონმდებლობასთან საბაჟო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
2. ვეტერინარული მოთხოვნების განსაზღვრა და შემდგომი იმპლემენტაცია საქართველოში WOAH და FAO რეკომენდაციების შესაბამისად.
3. ქართული ფუტკრის (Apis Mellifera Caucasica) საერთაშორისოდ აღიარებული ექსტერიერული და მორფომეტრული სტანდარტების შესაბამისი პროდუქციის (დედა ფუტკრის) წარმოება, რაც საზღვარგარეთელი მეფუტკრეების და პოლინატორების კომერციული მოთხოვნებს დაკმაყოფილებს, რომელთა მიზანია პროდუქციის წარმოების ეფექტურობის გაზრდა და მაღალი ეკონომიკური სარგებელის მიღება.

საქართველოს ფ. ბენტონის საერთაშორისო მეფუტკრეობის ასოციაციის პროექტის მიზანია მოამზადოს:

1. ტექნიკურ-მატერიალური ბაზა წარმოების და შემდგომი ექსპორტის განსახორციელებლად.
2. მეფუტკრეების გადამზადება შესაბამისი საერთაშორისო მოთხოვნების გათვალისწინებით.
3. საფუტკრეების ციფრული ჟურნალის მართვა და რისკების შეფასება.
4. შიდა ვეტერინარულ-ეპიდემიოლოგიურ კონტროლი დაავადებათა პრევენციის მიზნით.
5. ინფორმაციის ტრანსპარენტულობა და საიმედოობა. საველე მონაცემთა შეუფერხებელი ნაკადი და ონლაინ მონაცემთა ბაზა.
6. მონაცემებზე წვდომა სახ. სტრუქტურების და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.
7. საფუტკრე-სანაშენე მეურნეობების წინასწარ მზადყოფნაში (ტექნიკური, ინფორმაციული, ვეტერინარული, ჯიშობრივი) მოყვანა აშშ-სთან და ევროკავშირთან ცოცხალი ფუტკრის ექსპორტის დაშვების პერიოდისთვის.
8. თანამედროვე მეფუტკრეობის ინოვაციური მიმართულებების დანერგვა საქართველოში.

ეს ყოველივე განაპირობებს გეგმაზომიერი და პროგნოზირებადი ხარისხის და რაოდენობის დედაფუტკრის/მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოებას საქართველოში, სისტემაში ჩართული საფუტკრეების და სადედე-სანაშენე მეურნეობების მხრიდან. ეს ფაქტორები კრიტიკულად მნიშვნელოვანია არამარტო ქვეყნის შიდა წარმოებისთვის, არამედ საზღვარგარეთელი პარტნიორებისთვის:

1. პროდუქციის შემსყიდველი კომპანიებისთვის;
2. პოტენციური ინვესტორებისთვის;
3. სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო ორგანიზაციებისთვის.


ექსპორტზე ორიენტირებული საქართველოს საფუტკრე სადედე-სანაშენე მეურნეობათა გაერთიანების მონაწილეები და მათი ვალდებულებები. გაერთიანებაში შემავალი საფუტკრეები (კერძო და იურიდიული პირები) თანხმდებიან გაითვალისწინონ WOAH-ს საერთაშორისოდ აღიარებული მოთხოვნები და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი რეგულაციები:

1. დაიცვან WOAH-ს კოდექსით გათვალისწინებული სანიტარული და ზოო-ვეტერინარული მოთხოვნები.
2. გაატარონ ეპიდემიოლოგიური კონტროლი 3 დაავადებაზე: ამერიკული სიდამპლე (American foulbrood), სკის პატარა ხოჭო (Aethina tumida) და ტკიპა (Tropilaelaps spp.). ამ დაავადებათა შეტყობინება სავალდებულო წესით უნდა ხორციელდებოდეს.
3. არ შემოიყვანონ საფუტკრეში უცხო ფუტკარი, როგორც ვეტერინარული უსაფრთხოების, ისე ჯიშობრივი/გენეტიკური სიწმინდის მოთხოვნებიდან გამომდინარე წინასწარი შემოწმების და კვლევის გარეშე.
4. დედაფუტკრის წარმოებაში დაიცვან სელექციის სტანდარტული მოთხოვნები.
5. საუკეთესო სელექციური ხაზების მიღწევის მიზნით, საფუტკრეები ვალდებულებას იღებენ გაამრავლონ მხოლოდ ის ფუტკრის ოჯახები, რომლის რეკომენდაციას გასცემს ფ. ბენტონის სახელობის მეფუტკრეობის საერთაშორისო ასოციაცია მორფომეტრიული და სხვა სათანადო კვლევების საფუძველზე.
6. გაერთიანებაში მონაწილე საფუტკრეები თავიანთ საქმიანობას აწარმოებენ დამოუკიდებლად და თავათ განკარგავენ საკუთარ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას.

ფ. ბენტონის ასოციაციის სამეცნიერო-კვლევითი ნაწილი:

გაერთიანებაში შემავალი საფუტკრეების სამეცნიერო - სელექციურ ზედამხედველობას ახდენს ფ. ბენტონის სახელობის მეფუტკრეობის საერთაშორისო ასოციაცია მასში ასოცირებული ენტომოლოგების და სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე. მათივე მონაწილეობით განხორციელდება ლაბორატორიული კვლევები, მონაცემთა დამუშავება და მორფომეტრიული/ექსტერიერული ანალიზი. გაერთიანების წევრ მეფუტკრეებს ჩაუტარდებათ საველე პირობებში სინჯების სწორი აღების მეთოდიკის ტრენინგი და დამოუკიდებლად მუშაობის უნარების პრაქტიკული სრულყოფა.

მონიტორინგის ნაწილი

ციფრული ჟურნალის წარმოებისთვის და მონაცემთა ბაზის შექმნის მიზნით ფ. ბენტონის სახელობის მეფუტკრეობის საერთაშორისო ასოციაცია იყენებს ასოციაციის IT პარტნიორი შპს გოლდბის მიერ შექმნილ პროგრამულ უზრუნველყოფას - GMS (მეფუტკრეობის მენეჯმენტის სისტემა ქართულ და ინგლისურ ენებზე). მონაცემთა ბაზა იქნება ტრანსპარენტული და მასზე წვდომა ექნებათ პარტნიორ საფუტკრეებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს/ვეტერინარულ სამსახურებს.

მარკეტინგული ნაწილი

1. საერთაშორისო ვაჭრობის პრინციპების გათვალისწინებით გაერთიანების კომერციული ინტერესების დაცვა.
2. მეფუტკრეობის ხარისხის გაუმჯობესების და პრაქტიკული უნარ-თვისებების გაუმჯობესების ხელშეწყობის პლატფორმის შექმნა.
3. საერთაშორისო ხელშეკრულებების შედგენა.
4. სხვადასხვა ქვეყნებში მარკეტების მოძიება და შესწავლა საექსპორტო პროდუქციისთვის.
5. იურიდიული და ეკონომიკური კონსულტაცია.




 
  • Category: Union
  • Project date: 2022
  • Registration: NFA