ქართული ფუტკრის ისტორიული უპირატესობები; სამეცნიერო კვლევები და ექსპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში
საქართველოში მეფუტკრეობას დიდი ისტორია აქვს. ამ დროისთვის საქართველოში აღმოჩენილია მსოფლიოში უძველესი თაფლის ნაშთები. 2016 წელს, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობისას, არქეოლოგებმა უძველეს სამარხებში თიხის ჭურჭლის შიდა ზედაპირზე თაფლის ნაშთები აღმოაჩინეს, რომელიც დაახლოებით 5500 წლით თარიღდება. საქართველო კავკასიური მთის რუხი ფუტკრის ენდემური სახეობის ცენტრალური სამშობლოა. კავკასიურ ფუტკარს აქვს ლეგენდარული უნარი, აწარმოოს დიდი რაოდენობით თაფლი, მიუხედავად ცივი ამინდისა, მსუბუქი წვიმისა და ნისლისა, და არახელსაყრელი კლიმატური პირობებისა. კავკასიური ფუტკრის ხორთუმის სიგრძე დაახლოებით 7,3 მმ-ია, ამდენად მას შეუძლია მოიპოვოს ნექტარი მრავალი ყვავილისგან, რასაც მისი კონკურენტები (ევროპული ფუტკრები) ვერ ახერხებენ.

XX საუკუნის სამრეწველო მეურნეობის გარიჟრაჟზე, ბევრ ქვეყანას შეექმნა სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაზრდის მოთხოვნილება მცენარეების ბუნებრივი სტიმულირების გზით, რომლებიც გამოცხადდა მთავარ პრიორიტეტად ეროვნული მეურნეობისა და სოფლის მეურნეობის ინდუსტრიისთვის. ადგილობრივი მეფუტკრეობის მეურნეობების ეფექტურობის გაზრდის მრავალრიცხოვანმა მცდელობებმა ხელშესახები შედეგი არ გამოიღო. სწორედ მაშინ გაჩნდა პროგრამა აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისთვის საუკეთესო შესაფერისი ფუტკრის ჯიშების დანერგვისთვის, რომლებსაც შეეძლოთ უზრუნველეყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ბიოლოგიური ფუნქცია - მცენარეთა დამტვერვა.
მეფუტკრეობის მდგომარეობა XIX საუკუნის დასაწყისში, ფუტკრის თვისებების შესწავლის დაბალი იმჟამინდელი დონე არ იძლეოდა პრობლემის პრაქტიკული გადაწყვეტის საშუალებას. გადაწყდა შესაფერისი უნარების ფუტკრის ჯიშების მოსაძებნად სხვადასხვა კონტინენტებსა და ქვეყნებში ექსპედიციები მოწყობილიყო.
დასავლელმა მეცნიერებმა დაიწყეს კონტაქტების დამყარება და სსრკ წამყვანი მეფუტკრეების კვლევების შესწავლაც. ეს პროცესი უშედეგო არ ყოფილა - არჩევანი ქართულ ფუტკარზე შეჩერდა, რომელსაც მთის რუხი კავკასიური ფუტკარის სახელით მოიხსენიებდნენ მსოფლიოში. ქართული ფუტკრის კვლევებში განუზომელი წვლილი შეიტანეს ისეთმა მსოფლიო დონის მეცნიერებმა, როგორებიც არიან ა.მ. ბუტლეროვი (1828-1886), კ.ა. გორბაჩოვი (1864—1936), ვ.ვ. ალპატოვი (1898 -1979), ი.ნ. კლინგენი (1851-1922), ფ. ბენტონი (1852-1919), ე.ფ. ფილიფსი (1878-1951), რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს ქართველ და უცხოელ მეფუტკრეებს შორის თანამშრომლობის კომერციული ვექტორის განსაზღვრასა და მსოფლიო პოპულარიზაციაში. აღსანიშნავია, რომ ე.ფ. ფილიფსის ძალისხმევის შედეგად (მოღვაწეობდა კორნელის უნივერსიტეტში) შეერთებულ შტატებში მეფუტკრეობის წარმადობა გაიზარდა 400%!
დიდია ამერიკელი ენტომოლოგის ფრენკ ბენტონის დამსახურება, რომელმაც გახსნა ქართული ფუტკრის ექსპორტი დასავლეთის ქვეყნებში. ბენტონი მუშაობდა აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში. მისი მისია იყო მოეძებნა ფუტკრის საუკეთესო სახეობა, რომელიც იდეალურად შეეფერებოდა აშშ-ს სოფლის მეურნეობას. ამ მიზნით ბენტონმა იმოგზაურა ევროპისა და აზიის ბევრ ქვეყანაში. ბენტონი ასევე ცნობილია დედაფუტკრის გადაზიდვის სპეციალური საფოსტო გალიის გამოგონებით (ე.წ. ბენტონის გალია. Benton Cage). 1905 წელს ფ.ბენტონი ეწვია საქართველოს. აი, რას ამბობს კ.ა. გორბაჩოვი ამ ვიზიტის შესახებ („მეფუტკრეობის ცხოვრება“, #2, 1907, გვ. 45): „ამიერკავკასიაში ცნობილი ამერიკელი მეფუტკრე გვეწვია. მისი ვიზიტის მიზანია კავკასიური ფუტკრის გაცნობა... ბენტონი აღფრთოვანებულია კავკასიური ფუტკრით და უწინასწარმეტყველებს ბრწყინვალე მომავალს... კავკასიურ ფუტკრებს კიდევ ერთი დიდი უპირატესობა აქვს: მათი ხორთუმი უფრო გრძელია ვიდრე ევრობული სახეობების.”. ბენტონმა აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტსა და ამერიკელ მეფუტკრეებს ურჩია ქართული ფუტკრის ფართო გამოყენება.
ბენტონის ვიზიტის წყალობით, საექსპორტო გადაზიდვები განხორციელდა თბილისის აბრეშუმის სადგურიდან აშშ-სა და ევროპაში. ევროპელი მეფუტკრეები, განსაკუთრებით პოლონეთიდან, რომლებმაც დედოფლები საქართველოდან შემოიტანეს ასეთ კომენტარს აკეთებდნენ: „ქართულმა ფუტკრმა გაგვაოცა სამყურიდან და ლუცერნიდან თაფლის აღების უნარით, ადგილობრივი ფუტკარი ამ მცენარეებს არც კი ეკარებოდა“ (როგორც მოგეხსენებათ, ეს მცენარეები კრიტიკულად მნიშვნელოვანია მსხვილი და წვრილფეხა საქონლის კვებისთვის).
აუცილებელია განვმარტოთ, რატომ მიაქციეს ყურადღება განსაკუთრებით პოლონელმა მეფუტკრეებმა ამ ფაქტს. იმ დროს, რევოლუციამდელ რუსეთში წითელი სამყურა პრაქტიკულად უგულებელყოფილი იყო მეურნეობაში თავისი სამველიანი სისტემით. პოლონეთის მამულებში უფრო გავრცელებული იყო პარკოსნები, როგორც კულტურები, რომლებიც ამდიდრებდნენ ნიადაგს აზოტით.
ხორთუმის სიგრძის მნიშვნელობა, როგორც განსაკუთრებული პარამეტრი წითელი სამყურას დამტვერიანებისთვის, ფართოდ განიხილებოდა XX საუკუნის პირველ ათწლეულში ბეჭდურ მედიაში.
ამ პერიოდში დიდი რაოდენობით სხვადასხვა გლოსომეტრის (ფუტკრის ხორთუმის საზომი სპეც.ინსტრუმენტი) მოწყობილობები შეიქმნა და დაინერგა, რამაც შესაძლებელი გახადა დაედგინათ მცენარეები, საიდანაც ფუტკარს შეუძლია ნექტრის ამოღება. ყოველივე ამან განაპირობა კავკასიური მთის რუხი ფუტკრების ფიზიკური და ბიოლოგიური მახასიათებლების უფრო ღრმა პროფესიონალური მეცნიერული შესწავლა. ქართულ ფუტკარს განესაზღვრა მეცნიერული სახელი - Apis Mellifera var. Caucasia (1916).
ამ დაკვირვებებზე განვითარდა ი.ნ. კლინგენის კვლევები მეფუტკრეობის ინდუსტრიის შესახებ. 1907 წლიდან 1911 წლამდე პრაქტიკაში ამოქმედდა კავკასიური ფუტკრის წითელი სამყურის დამტვერვაში გამოყენების პრაქტიკა. ი.ნ. კლინგენის ნაშრომმა აჩვენა, რომ კავკასიური ფუტკარი, წითელი სამყურის მოსავლიანობის ზრდის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. შემდგომში ა.ს. სკორნიკოვმა შეძლო დაემტკიცებინა, რომ კავკასიური ფუტკრებიდან, მდინარე ენგურის ხეობაში გავრცელებულ მეგრულ ქვესახეობას აქვს ყველაზე გრძელი ხორთუმი, რაც კი ოდესმე გაუზომავთ მეცნიერებს მთელს მსოფლიოში, კერძოდ 7,21 მმ.
1932 წელს ამერიკის შეერთებული შტატებიდან სპეციალური მისიით საქართველოში ჩამოვიდა კორნელის უნივერსიტეტის პროფესორი ევერეტ ფრანკლინ ფილიპსი (ამერიკის მეფუტკრეობის უმთავარესი წარმომადგენელი). მან კიდევ უფრო ახლოს გაიცნო კავკასიური ფუტკარი და ყურადღება გაამახვილა მის მნიშვნელობაზე და სამომავლო დიდ პერსპექტივაზე.
სხვადასხვა სამეცნიერო კვლევების და საქართველოში ბენტონისა და ფილიპსის მისიების შედეგად, ისევე როგორც აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის რეკომენდაციების საფუძველზე, შეერთებულმა შტატების მთავრობამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება სსრკ-თან სავაჭრო ხელშეკრულების დადების შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა ფუტკრის დედოფლის პირდაპირ იმპორტს საქართველოს სსრ-დან შეერთებულ შტატებში.
როგორც დადგინდა, სწორედ კავკასიური ფუტკარია ღრმა ბუტკოვანი მცენარეებისა და პარკოსანი კულტურების დამტვერვის მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი, რაც მსოფლიო სასოფლო-სამეურნეო კულტურების 47%-ს შეადგენს - ეს არის სამყურა და იონჯა, ლობიო და აკაცია და არაქისი (აშშ არის ამ კულტურათა უმსხვილესი მწარმოებელი), აგრეთვე ოსპი, სოიო, ბარდა და ა.შ. პოლონეთში, შოტლანდიასა და შეერთებულ შტატებში კავკასიური დედოფლის მოშენების გაძლიერების მიზნით შეიქმნა ფუტკრის სანაშენე მეურნეობები. წამყვანი საბჭოთა მეცნიერი ვ.ვ. ალპატოვი კავკასიური ფუტკრის აშშ-ში ექსპორტის შედეგებზე წერს შემდეგს - „ამერიკის მეფუტკრეობაში კავკასიური ფუტკრების როლის ინდიკატორად მოვიყვან სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც ეფუძნება ა.შ.შ. 1943 წლის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ მეცხოველეობის ობიექტების ჩამონათვალს (ბიულეტენი E 297). მასში ნათქვამია, რომ შეერთებულ შტატებში მოქმედებს კავკასიური ფუტკრის 43 სანაშენე მეურნეობა (მათ შორის პირველი გაიხსნა აიოვას შტატში), რაც შეადგენს შეერთებული შტატების მთელი წარმოების 25%-ს! სწორედ ხორთუმის ბიომეტრიული სიგრძე და შეუპოვრობა ნექტრის შეგროვებაში, საშუალებას აძლევს კავკასიურ ფუტკარს შეუცვლელი იყოს პარკოსანი კულტურების უზარმაზარ ინდუსტრიაში აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში“.

შოტლანდიაში კავკასიური ფუტკრის იმპორტისა და კვლევის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის ჯ. ტინსლი: შოტლანდიაში იმპორტირებული ფუტკრის სხვადასხვა სახეობის (მათ შორის იტალიური, ჰოლანდიური, ფრანგული, კვიპროსის და ა.შ.) შედარებამ აჩვენა საუკეთესო შედეგი კავკასიური ფუტკრების მიერ. მათ ყველაზე მეტი თაფლი და პროპოლისი შეაგროვეს. აღმოჩნდა, რომ კავკასიური ფუტკარი დილის 4-დან საღამოს 23-მდე მუშაობს, სხვა სახეობები კი დილის 6-დან საღამოს 7-მდე.
3 ოქროს მედლით დაჯილდოებამ განაპირობა ქართული ფუტკრის პოპულარიზაციის ახალი ერა. პირველი ოქროს მედალი ქართულ ფუტკარს 1961 წელს, ერფურტში (გერმანია) მებაღეობის საერთაშორისო გამოფენაზე მიენიჭა, შემდეგ, დაჯილდოვდა ბუქარესტში, APIMONDIA-ს მე-20 საერთაშორისო სოფლის მეურნეობის კონგრესის საიუბილეო ზეიმზე, რუმინეთში) 1965 წელს და მესამე ოქროს მედალი მიენიჭა 1971 წელს მოსკოვში, APIMONDIA-ს 23-ე სოფლის მეურნეობის საერთაშორისო კონგრესის საიუბილეო ზეიმზე. ბრიტანეთში გამოქვეყნებული გაზეთი Sunday Mirror: „ოქროს ფუტკარი - საბჭოთა კავშირის მთის რუხი ფუტკარი შეფასდა მსოფლიოში საუკეთესოდ და დაჯილდოვდა ოქროს მედლით. კავკასიური ფუტკარი გამოირჩევა ინდუსტრიული მნიშვნელობით და მას მსუბუქი წვიმის დროსაც კი შეუძლია თაფლის შეგროვება. ოქროს ფუტკარი ბევრმა უცხოელმა მეფუტკრემ მოითხოვა და მისი იმპორტი ევროპაში, აზიასა და ამერიკაში წელს 200 000-მდე გაიზარდა “. ხალასი ჯიშის ქართული ფუტკარი გავრცელდა მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში: აშშ, გერმანია, საფრანგეთი, შვეიცარია, პოლონეთი, ბელგია, ავსტრია, ავსტრალია, ინდოეთი, ბრაზილია, იაპონია, ინგლისი, ბულგარეთი, კუბა, ფინეთი, ალჟირი და სხვ.
საბჭოთა კავშირსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის ექსპორტის ზრდა ინტენსიურად მიმდინარეობდა. 1931 წლიდან 1986 წლამდე სავაჭრო ხელშეკრულებებში შეტანილი ყველა დანამატი უპირობოდ შეიცავდა კავკასიური ფუტკრის ექსპორტს და ცივი ომის დროსაც კი ხელშეუხებლად მიმდინარეობდა. სსრკ-ს დაშლის, ეკონომიკური კოლაფსის და სამოქალაქო ომის გამო ქართული ფუტკრის ექსპორტი დასავლეთში შეწყდა. 2000-იანი წლებიდან საქართველოში მეფუტკრეობის აღორძინება დაიწყო. საქართველო მეფუტკრეობაში ევროკავშირის სტანდარტებისა და OIE (WOAH) რეკომენდაციების დანერგვას ცდილობს, რაც საშუალებას მისცემს 30-წლიანი წყვეტის შემდეგ კვლავ აღდგეს ლეგალური ექსპორტი ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებული შტატებში.
მეცნიერები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს
ქართული ფუტკრის შესწავლაში და პოპულარიზაციაში
• Tefft, 1890
• Buttel-Reepen, 1906
• «Beekeeping Life», № 2, 1907
• Corkins CL & Gilbert CS, 1932
• J. Tinsley, Agriculture magazine vol 22 (1) 1939
• US Department of Agriculture (Bulletin E 297) 1943
• Apimondia, International Federation of Beekeepers' Associations
• Sunday Mirror, June 1, 1969
• The World History of Beekeeping and Honey Hunting. Eva Crane. Taylor & Francis, 1999
• Status of breeding practices and genetic diversity in domestic U.S. honey bees, 2011

